სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

10-12 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა-ტრენინგი

10-12 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა-ტრენინგი

: 2022-06-24
: სიახლეები

10-12ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა-ტრენინგი „სახელმწიფო ენის ელჩებთან". შეხვედრა მიზნად ისახავდა, პროგრამაში ახლადჩართული ტრენერებისთვის სკოლის მისიის, სამომავლო განვითარების სტრატეგიის, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურების გაცნობას.

შეხვედრის პირველი ნაწილი საორიენტაციო ხასიათის იყო, „სახელმწიფო ენის ელჩებს" მიესალმა სკოლის დირექტორი, ქალბატონი ქეთევან ჯაყელი და ის მონაწილეებს სკოლის მისიის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა; სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაკა ომიაძემ, პროგრამის განხორციელების პროცედურა და მასში ჩართული პირები გააცნო მომავალ ტრენერებს. "სახელმწიფო ენის ელჩებმა" მოუსმინეს სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტს, იურისტს, ლოჯისტიკის მენეჯერსა და ბუღალტერს, მათგან მიიღეს ინფორმაცია სკოლის თანამშრომლის უფლება-მოვალეობების, სწავლების განხორციელებასთან დაკავშირებული მონიტორინგისა და ტექნიკური თუ ფინანსური მომსახურების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში „სახელმწიფო ენის ელჩებს" ჩაუტარდათ 2-დღიანი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი ლია ცერცვაძე. ტრენინგის ფარგლებში განიხილეს მეორე ენის სწავლებასა და შეფასებასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური საკითხები, მულტიკულტურალიზმის პრინციპების გათვალისწინება ზრდასრულებთან ეფექტური კომუნიკაციისას და განმავითარებელი შეფასების სისტემა და ინსტრუმენტები, გააანალიზეს სასწავლო სიტუაციების ავთენტური ქეისები და შეჯერდნენ სატრენინგო პროცესის ეფექტურ წარმართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რეკომენდაციებზე.

ტრენერებს სწავლის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ელექტრონული ჟურნალის წარმოება დაTeams-ის პლატფორმაზე განთავსებული ელ.რესურსების გამოყენების ტექნიკური საკითხები გააცნეს პროგრამის კოორდინატორებმა, ქალბატონებმა: მაია გოზალიშვილმა, ნანა ბრეგვაძემ და ნინო ჩაკვეტაძემ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერების მიზნით. მონაწილეები ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარს, ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიას და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები ჟვანიას სკოლის ინიციატივით მოხატულ კედელთან. როგორც მონაწილეები აღნიშნავდნენ, სამუშაო შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.