: 2021-09-13 : სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები" პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში გამართა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები" მონაწილეები წინასწარი რეგისტრაციისა და კონკურსის გავლის შემდეგ შეირჩნენ თბილისიდან, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან. ეს სწორედ ის ლოკაციებია, სადაც ძირითადი სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები ცხოვრობენ.
20 ტრენერი6 თვის განმავლობაში გადამზადდება სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში. კურსის დასრულების შემდეგ ტრენერები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეასწავლიან სახელმწიფო ენას და მიაწოდებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
პროგრამის დასრულების შემდეგ ტრენერები სწავლებას ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრებში განახორციელებენ.
პროგრამის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემნუნუ მიცკევიჩმა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა. ასევე, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის ტრენერებმა, პროგრამის მონაწილეებმა და სკოლის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზების ახალ პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პროგრამა, მომავალშიც გადაიდგმება კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი და განხორციელდება კონკრეტული ინიციატივები, რათა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობისათვის გავაფართოვოთ და გავამარტივოთ ხელმისაწვდომობა იმ სიკეთეებსა და მომსახურებაზე, რომლებსაც სახელმწიფო ქმნის თავისი მოქალაქეებისათვის"- განაცხადა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.