სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბლიცინტერვიუ თინათინ კიღურაძესთან, ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წამყვან ექსპერტთან

ბლიცინტერვიუ თინათინ კიღურაძესთან, ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წამყვან ექსპერტთან

: 2020-11-06
: სიახლეები

ოგესალმებით, თინათინ. დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიცინტერვიუში. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა სახელმწიფო ენის შემსწავლელი „საანბანო კურსი". გთხოვთ, გვიამბოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა აღნიშნული კურსის მომზადებაზე მუშაობა?

ამ კურსის შემუშავების ინიციატივა ჟვანიას სკოლის დირექტორს, ქალბატონ ქეთევან ჯაყელს ეკუთვნის. მან კარგად დაინახა ბენეფიციართათვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის მხრივ არსებული საჭიროებები. შესაბამისად, მასთან დისკუსიის საფუძველზე ჩამოყალიბდა კურსის კონცეფცია, რომელიც მოიცავს არა უბრალოდ ანბანის შესწავლას, არამედ პირველივე გაკვეთილებიდან ვირტუალურ მასალაზე დაყრდნობით ქართულ ენასთან რეალურ შეხებას. კურსში ჩაშენებულია კომპიუტერული წიგნიერება კონკრეტული ენობრივი დავალებების შესრულებისთვის და არა განყენებულად, როგორც ეს ადრე ისწავლებოდა. გარდა ამისა, სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, მასალის ძირითად შინაარსობრივ ხაზს წარმოადგენს საქართველოს კულტურისა (ფოლკლორი, ისტორიული ძეგლები) და გეოგრაფიის გაცნობა, რაც გააქტიურებულია ანბანის ცალკეული ასო-ბგერებისა და ყოველდღიური კომუნიკაციის დროს გამოსაყენებელი მარტივი ფრაზების შესწავლისას.

თინათინ, როგორცსახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წამყვანი ექსპერტი და უშუალოდ „საანბანო კურსის" სამუშაო გუნდის ხელმძღვანელი, რა ძირითად მახასიათებლებს გამოყოფდით კურსთან დაკავშირებით, რას მოიცავს აღნიშნული კურსი და რა მიზანს ემსახურება ის?

კურსის მიზანია, შემსწავლელმა მიიღოს პირველადი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, შეძლოს ძალიან მარტივი საკომუნიკაციო სიტუაციების დაძლევა (მისალმება, თავის წარდგენა, აბრების კითხვა, ნაცნობი სიტყვებისა და ფრაზების ამოცნობა ზეპირი საუბრიდან და მისთ.) და ქართული ანბანის შესწავლა. ამისათვის მე და ჩემი გუნდი ვცდილობდით, მოგვეპოვებინა მაქსიმალურად ავთენტიკური მასალა (ვიდეოჩანაწერები, ფოტოები, რუკები) და საინტერესო დავალებების სახით ჩაგვეშენებინა სასწავლო რესურსებში, რომელიც ,,საანბანო კურსის’’ წამყვანი შინაარსობრივი მხარეა და რომელმაც უნდა დააინტერესოს შემსწავლელი ( ინფორმაცია ვიდეოების მეშვეობით საქართველოს გეოგრაფიული ადგილებისა და კუთხეების შესახებ, ასევე, სხვადასხვა კუთხის სიმღერები, ცეკვები, ისტორიული ძეგლები ), ხოლო ანბანის ათვისება ხდება, ძირითადად, გეოგრაფიული დასახელებების ამოცნობით.

ვინაიდან თანამედროვე ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაცია ინტერნეტსივრცეში ორიენტაციისა და ქართული ინტერნეტსივრცის მოხმარების გარეშე წარმოუდგენელია, ძალიან მნიშვნელოვანია კომპიუტერული წიგნიერების საფუძვლების დაუფლება.

თქვენი აზრით, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს „საანბანო კურსის" პილოტირების პროცესი და გამართლდა თუ არა თქვენი და პროცესში ჩართული პირების მოლოდინი?

ჩვენი მიზანი იყო, რომ მასალა მშრალი და განყენებული არ ყოფილიყო და შემსწავლელს უბრალოდ კი არ დაეზეპირებინა ანბანი, არამედ შეეძინა რეალური კომპეტენციები. ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემსწავლელის ინტერესი, ჩართულობა და კმაყოფილება, რაც გვიჩვენა კიდეც პილოტირებამ. მიუხედავად იმისა, რომ საპილოტე ჯგუფი არაერთგვაროვანია, დაკომპლექტებულია განსხვავებული ინტერესის, წინარე ცოდნისა და საჭიროების მქონე პირებისაგან, პილოტირებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მასალა, საბოლოო ჯამში, ყველას ინტერესებს ერგება. თუმცა არის ცალკეული დეტალები და დავალებები, რომლებსაც ვცვლით პროცესზე დაკვირვების შედეგად, რათა უკეთ მოვერგოთ შემსწავლელთა საჭიროებას. ეს ბუნებრივი პროცესია და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მასალის „გამოცდა" , რათა რეალური შედეგი დავინახოთ და, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო დავხვეწოთ მასალა.

დიდი მადლობა!