: 2020-10-22 : სიახლეები |
მოგესალმებით, ნინო. გთხოვთ,გვიამბოთ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის შესახებ, რომელსაც თქვენ ჟვანიას სკოლის ტრენერის რანგში ახორციელებთ გარდაბნის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის.
ჩემთვის დიდი პატივია, მერქვას ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერი, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამა ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს, გახდნენ უფრო აქტიური მოქალაქეები და საკუთარ თავზე იგრძნონ სახელმწიფოს ზრუნვა ამ მიმართულებით.
გლობალური პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვნად შეიცვალა სასწავლო გარემო. გთხოვთ, ჩვენ და ჩვენს ბენეფიციარებს გვიამბოთ, თუ რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლის დროს და ასევე გაგვიზიაროთ ამ რთული პროცესის თანმდევი დადებითი მხარეები.
სასწავლო გარემო მართლაც შეიცვალა, მოგვიწია მცირე სირთულეების გადალახვაც. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს. რადგან რაიონში მცხოვრები ოჯახებისათვის ყოველთვის ხელმისაწვდომი არაა თანამედროვე ტექნოლოგიები, თავდაპირველად, ამის გამო იყო მცირე ხარვეზები, თუმცა ამ ეტაპზე ყველა საკითხი მოწესრიგებულია და ყველა მსმენელი იღებს სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას. გარდა ამისა, შესაძლებლობა გვაქვს ვისარგებლოთ ელექტრონული რესურსებით, რომლებიც ორიენტირებულია შემსწავლელზე და ხელს უწყობს სწავლების პროცესის ეფექტურად მართვას.
გთხოვთ,კიდევ ერთხელ, ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს გავუზიაროთ,თუ რითია გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა.
სახელმწიფო ენის შემსწავლელი გაკვეთილები დატვირთულია პრაქტიკული სავარჯოშოებით, ყოველდღიურობასთან დაკავშირებული დიალოგებითა და ტექსტებით, საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის საჭირო დავალებებით, აუცილებელი გრამატიკული მასალით, მოსასმენი დავალებებით, რაც ბენეფიციარებს უადვილებს, შეისწავლონ ენა, მიიღონ პრაქტიკული, მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ცოდნა.
დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში.