: 2020-09-29 : სიახლეები |
მოგესალმებით, თეიმურაზ. დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში. გთხოვთ,გვიამბოთ სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის შესახებ, რომელსაც ჟვანიას სკოლის ტრენერის რანგში ახორციელებთ მარნეულის სასწავლო ცენტრში ჩვენი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბენეფიციარებისათვის?
მოგესალმებით, მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით. 2018 წლიდან ჩართული ვარ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში, ვმუშაობ ტრენერად ქვემო ქართლში, მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში, ასევე, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანელებითა და სომხებით დაკომპლექტებულ ჯგუფებთან. საინტერესო და ეფექტური რომ გავხადოთ ენის სწავლება, ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი დამატებითი რესურსი შევქმნათ და შევიტანოთ ტრენინგებზე. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ინტერკულტურული მიდგომების გამოყენება, რათა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ისწავლონ არა მარტო სახელმწიფო ენა, არამედ უკეთესად გაიცნონ ქვეყნის ისტორია, კულტურა, ასევე გააცნონ ერთმანეთს თავიანთი ტრადიციები. სკოლაში სიარული სახალისო რომ იყოს, ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, მარნეულს გარეთ ტურებს. ჯგუფებში არაფორმალური განათლების ელემენტების შეტანა აყალიბებს მეგობრულ ურთიერთობებს და ამით ვიცილებთ საგაკვეთილო რუტინასაც.
არსებულმა ეპიდვითარებამ, მნიშვნელოვნად შეცვალა სასწავლო გარემო. გთხოვთ, გვიამბოთ დისტანციურ სწავლების სირთულეებზე და, ასევე, იმ პოზიტიურ მიგნებებზე, რომლებიც შეცვლილმა გარემომ და ახალმა რეალობამ მოიტანა?
რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გამართული ფუნქციონირება, შეჩერდა სწავლა როგორც მობილურ ჯგუფებში, ასევე ცენტრალურ ოფისებში. თუმცა ჟვანიას სკოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სკოლამ მალევე მოახერხა დისტანციური ჯგუფების შექმნა და ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ტრენერები გადავმზადდით „თიმსში" მუშაობისათვის. დავეუფლეთ იმ საბაზისო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო უნარებს, რომლებიც საჭიროა დისტანციურ რეჟიმში სწავლებისათვის. სწავლის დისტანციურ ფორმაზე გადასვლა გამოწვევა იყო ჩვენი ბენეფიციარებისთვისაც. იმისთვის, რომ ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგებზე და მიიღონ ხარისხიანი განათლება, ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან ელექტრონულ რესურსებს, ვეცნობით და პრაქტიკაში ვნერგავთ დისტანციური გაკვეთილების სტრატეგიებს.
თეიმურაზ, როგორ ფიქრობთ სახელწმიფო ენის სწავლისადმი ინტერესი გაიზარდა თქვენს ბენეფიციარებში თუ შემცირდა? გთხოვთ, მოკლედ გვიამბოთ მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრის ბენეფიციარების შესახებ.
ენის სწავლით დაინტერესებულთა რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს, ეს პროცესი ვერც გართულებულმა ეპიდსიტუაციამ შეაფერხა და დღითი დღე იზრდება სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი. სკოლის ძალიან ბევრი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლასშემდეგ დონეებზე და ეს პირდაპირი მიმანიშნებელია იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში, მიუხედავად ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეებისა, სახელმწიფო ენისადმი ინტერესი არ იკლებს.
გთხოვთ,კიდევ ერთხელ, ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს გავუზიაროთ,თუ რითია გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა?
ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამოქალაქო ინტეგრაციის საქმეში. უნდა ითქვას, რომ პროგრამას, საგანმანათლებლო მიზნების გარდა, სოციალური მიზნებიც აქვს. ქართული ენის სწავლის გარდა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი აქ ეუფლება ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის საჭირო სოციალურ უნარებს, სკოლაში მიღებული ცოდნა მსმენელებს ეხმარება დასაქმებაში, სამუშაო ადგილზე საქმიანობის უკეთესად წარმართვაში, ან უბრალოდ, თანამოქალაქეებთან ქართულ ენაზე კომუნიკაციაში.
დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში.