: 2020-09-17 : სიახლეები |
ქალბატონონანა, მოგესალმებით. 2019 წლიდან ჟვანიას სკოლა აქტიურად თანამშრომლობს "მეგობრობის სახლთან”. გთხოვთ, გვიამბოთ თქვენი ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის შესახებ.
ნანა ნიკოლაძე: „მეგობრობის სახლი" შეიქმნა 2016 წლის 1 იანვარს თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით. შექმნის მიზანი, პირველ რიგში, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების დიდი ხნის სურვილი იყო. „თბილისის მეგობრობის სახლი" ის ადგილია, სადაც ეროვნულ უმცირესობებს საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.
ჩვენი მიზანია სხვადასხვა თემის კულტურული ტრადიციების შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მათი ინტეგრაცია ჩვენს უნიკალურ ქართულ კულტურასთან, ასევე სახელმწიფო ენისა და ტრადიციების შესწავლა.
ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების და ინტეგრაციის პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს თქვენთან. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად ეროვნული უმცირესობების არაერთ წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა, შეესწავლა სახელმწიფო ენა. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი ჩვენს სკოლასთან თანამშრომლობის შესახებ.
ნანა ნიკოლაძე: მოგეხსენებათ, სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნაა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, თბილისის ,,მეგობრობის სახლში" 2017 წლის 1 თებერვლიდან დაინერგა ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსი და ვთანამშრომლობდით ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანპროგრამის "ვისწავლოთ ქართული" ფარგლებში. როცა აღნიშნული პროექტი დაიხურა, ჩვენი მიმართვისთანავეჟვანიას სკოლა მყისიერად დაგვიდგა მხარში. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და თბილისის ,,მეგობრობის სახლის" სახელით უღრმეს მადლობას გიხდით ოპერატიულითანადგომისა და მხარდაჭერისათვის სახელმწიფო ენის სწავლების მეტად საჭირო საქმეში. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ქართული ენის შესწავლით ამხელა დაინტერესება, რომელიც გამოხატეს თბილისში მცხოვრებმა არაქართველებმა, შერეული ოჯახების წარმომადგენლებმა . ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ეროვნული უმცირესობის ბევრ წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა, შეესწავლა სახელმწიფო ენა.
როგორ ფიქრობთ, გლობალური პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადასვლამ შეამცირა თუ არა ჩვენს ბენეფიციარებში სახელმწიფო ენისადმი ინტერესი თუ ,პირიქით ,ამ მდგომარეობამ უფრო გაზარდა ის?
ნანა ნიკოლაძე: დიახ, არსებული ეპიდვითარების გამო ჩვენს ბენეფიციარებსაც მოუწიათ გადასვლა დისტანციური სწავლების მეთოდზე, რომელსაც უმრავლესობამ კარგად აუღო ალღო, წარმატებით ჩააბარა ფინალური გამოცდა და გადავიდა სწავლების შემდეგ საფეხურზე. ვერ ვიტყოდი, რომ ეპიდვითარებამ შეამცირა სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა. თქვენ წარმოიდგინეთ, აგვისტოს თვეშიც კი მიკავშირდებოდნენ სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველები. ამჟამად უკვე 52 ბენეფიციარი დავარეგისტრირეთ და პროცესი კვლავაც გრძელდება.
რამეს ხომ არ შეცვლიდით მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით? ურჩევდით თუ არა მეგობრობის სახლის ბენეფიციარებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაში ჩართვას?
ნანა ნიკოლაძე: ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და თბილისის ,,მეგობრობის სახლის" თანამშრომლობით უფრო ეფექტურად ვუწყობთ ხელს ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის შესწავლას, მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აქტიურად ჩართვას ქვეყნის სამსახურში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეგობრობის სახლის ბენეფიციარებს ყოველთვის ვურჩევ სახელწმიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაში ჩართვას.
უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებას!
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!