: 2020-08-26 : სიახლეები |
ქალბატონო მაკა, მოგესალმებით. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება სატრენინგო კურსის -„საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობის" შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ის ცოდნა და უნარები, რომლებიც ტრენინგის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს?
მაკა ომიაძე: მოგახსენებთ, რომ საქმისწარმოების ძირითად მიზანს წარმოადგენს დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, მათი შედგენისა და გაფორმების ხარისხისა და მმართველობითი აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლება. შესაბამისად, „საქმისწარმოებისა და ელექტრონული მმართველობის" კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის.
როგორ ფიქრობთ, რა ძირითადი მახასიათებლებით გამოირჩევა ტრენინგი „საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა"?როგორ წარიმართა სწავლების პროცესი?
მაკა ომიაძე: „საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობის"- ტრენინგკურსი გამოირჩევა იმით, რომ თეორია და პრაქტიკა, რომლებიც უკავშირდება საქმისწარმოების წესების დაცვას, ქართული ენის მართლწერის საკითხებს, დოკუმენტების სწორად შედგენასა და მათ განთავსებას ელ. დოკუმენტბრუნვის პროგრამა „eflow”-ში, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს და, ვფიქრობ, ამით ის უფრო მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია. კონკრეტულ ჯგუფთან სასწავლო პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და წარმატებითაც დასრულდა, ამას ცხადყოფდა ბენეფიციართა ინტერესი, გამოხატული მათი ჩართულობითა და სწორი უკუკავშირებით, საბოლოოდ კი - იმ შედეგებით, რომლებიც საბოლოო ტესტირებამ აჩვენა.
თქვენი აზრით, რით არის გამორჩეული ჟვანიას სკოლის სასწავლო პროგრამები და ტრენინგკურსები, როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებულ მიდგომებსა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს ჟვანიას სკოლა ყველა დაინტერესებულ პირს?
მაკა ომიაძე: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, თანამედროვე გამოცდილების გაზიარება, ბენეფიციართა ინტერესების გათვალისწინება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება - ეს ის პრიორიტეტებია, რომლებითაც სკოლა ყოველთვის ხელმძღვანელობდა თავისი 15-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში. სკოლა არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, მუდმივად მუშაობს ახალი პროგრამების მომზადებასა და არსებულის დახვეწა-განვითარებაზე, ამიტომ მის მიერ ბენეფიციართათვის შეთავაზებული პროგრამები და ტრენინგკურსები ყოველთვის ხარისხიანი, საინტერესო და ეფექტურია.
შეგახსენებთ, რომ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, 8-14 აგვისტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენელთათვის განახორციელა ტრენინგი „საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა". ტრენინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლები გაეცნენ საქმისწარმოების ადმინისტრირების მთავარ პრინციპებსა და შეისწავლეს ელექტრონული საქმისწარმოების ძირითადი მახასიათებლები.