სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia - ს ერთობლივი პროექტის შესახებ

ჟვანიას სკოლისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia - ს ერთობლივი პროექტის შესახებ

: 2020-08-21
: სიახლეები

2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, ჟვანიას სკოლამ, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia - ს ფინანსური მხარდაჭერით, ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის წარმატებით ხელშეწყობის მიზნით, განახორციელა ერთობლივი პროექტი „ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარების გზით ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონისა და სახელმწიფო სტანდარტების განხორციელების მხარდასაჭერად".

პროექტის ფარგლებში 12-მა მუნიციპალიტეტმა მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე მოამზადა კონცეფციები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა გადამზადების გეგმა და სატრენინგო მოდული როგორც მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფი პირებისთვის( მერები, მოადგილეები), ასევე ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებისთვის.

პროექტი, რომლის უმთავრეს ამოცანას მუნიციპალიტეტის მოხელეებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა, სამეტაპიანი მოდელისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი მოიცავდა მოკლევადიან სასწავლო ტრენინგს, მეორე ეტაპი - ე.წ. ქოუჩინგს სამუშაო ადგილზე, ხოლო მესამე ეტაპი- მონიტორინგსა და შეფასების პროცესს. სწორედ ასეთი მოდელი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების (მერი, მოადგილე, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელები) ერთობლივ წარმატებულ მუშაობას სკოლამდელი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებების მიზნით მიმდინარე რეფორმის ფარგლებში და სკოლამდელი განათლების სფეროს მართვაში მათი კომპეტენციების ამაღლებას.

გიორგი მესხი - ჟვანიას სკოლის ტრენერი და ქოუჩი ადრეული და სკოლამდელი რეფორმის მხარდამჭერი პროექტის შესახებ:

„ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიმუშავეთ 12 მუნიციპალიტეტთან. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, ისევე, როგორც მოხელეებს, ესმოდეთ სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის, იცნობდნენ კანონს, მის პრინციპებს, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს. ტრენინგების დასრულების შემდგომ, ე.წ. ქოუჩინგისა და შემდგომი კონსულტაციების მიზანი იყო, დავხმარებოდით მუნიციპალიტეტებს, დაეგეგმათ და განეხორციელებინათ ის ცვლილებები, რომლებიც ადრეული და სკოლამდელი რეფორმის წარმატებით განხორციელებას შეუწყობდა ხელს."

ოლღა მუსხელიშვილი - ჟვანიას სკოლის ტრენერი და ქოუჩი პროექტის შესახებ:

"ადამიანის ცხოვრების პირველი წლები გადამწყვეტ როლს თამაშობს იმ უნარებისა და თვისებების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მომავალში განსაზღვრავს მის წარმატებებსა და მიღწევებს. სწორედ ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა."

აღნიშნული პროექტი ორ ფაზად განხორციელდა, რომელშიც ჩართული იყო 12 სამიზნე მუნიციპალიტეტი. ესენია: ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, საჩხერე, ქუთაისი, ამბროლაური, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალქალაქი, ასპინძა და ახალციხე. სულ გადამზადდა 55+ ბენეფიციარი.