: 2020-08-19 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების რეფორმის ფარგლებში 2019 წლიდან ახორციელებს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების ორ საბაზისო აკრედიტებულ პროგრამას: „მოხელის მენეჯერული უნარები" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება". საბაზისო პროგრამების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებული საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა.
აღნიშნული სატრენინგო პროგრამები საჯარო მოხელეებს სთავაზობს ყველა იმ საჭირო უნარ-ჩვევასა და ცოდნას, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი უფლება-მოვალეობებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. გარდა ამისა, საბაზისო ტრენინგების გავლის შედეგად, საჯარო მოხელე გაეცნობა თანამედროვე სტანდარტებით აპრობირებულ საგნებსა და საკითხებს, რომლებიც მათი საქმიანობის განხორციელების დროს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
„მოხელის მენეჯერული უნარები" - პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამა წარმოადგენს საბაზისო პროგრამას, რომელსაც გაივლიან II და I რანგის მოხეელები. მისი მიზანია როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა, მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა, გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა, გუნდის მართვა, პროფესიული და ეფექტური კომუნიკაცია, ეფექტური მოლაპარაკებები, საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა და ანტიკორუფციული პოლიტიკა.
პროგრამა ხორციელდება როგორც საკლასო, პირისპირ მეცადინეობის ფორმატით, ასევე დისტანციური სწავლების რეჟიმში, რომლებიც გულისხმობს ტრენერის უშუალო მონაწილეობით ლექციის, სემინარისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდების ჩართულობას. პროგრამის მოცულობაა 40 აკადემიური საათი, სწავლების ენა- ქართული, ხოლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ბენეფიციარს გადაეცემა სერტიფიკატი.
„პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" - პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამა წარმოადგენს საბაზისო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია IV და III რანგის საჯარო მოხელეებისათვის. მისი გავლის შედეგად ბენეფიციარები გაიღრმავებენ ცოდნასა და პროფესიულ უნარებს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ადმინისტრაციული წარმოება, ეთიკა საჯარო სამსახურში, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა. აღნიშნული უნარ-ჩვევები შესაძლებლობას მისცემს საჯარო სამსახურში მომუშავე პირებს, უკეთ განახორციელონ საჯარო სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე მათი უფლებამოსილებები და განავითარონ ის განსაკუთრებული უნარები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჯარო სამსახურის განხორციელებისათვის. ამასთანავე, აღნიშნული პროგრამის გავლის შედეგად, საჯარო მოხელეს განუვითარდება შემდეგი კომპეტენციები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, კომპლექსური აზროვნება, დროის ეფექტიანი მართვა, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი, საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების , შეგროვების, ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
პროგრამა ხორციელდება როგორც საკლასო, პირისპირ მეცადინეობის ფორმატით, ასევე დისტანციური სწავლების რეჟიმში, რომლებიც გულისხმობს ტრენერის უშუალო მონაწილეობით ლექციის, სემინარისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდების ჩართულობას. პროგრამის მოცულობაა 24 აკადემიური საათი, სწავლების ენა - ქართული, ხოლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ბენეფიციარს გადაეცემა სერტიფიკატი,