სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

„საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ - 2-დღიანი გასვლითი შეხვედრა წინანდალში

„საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ - 2-დღიანი გასვლითი შეხვედრა წინანდალში

: 2020-08-07
: სიახლეები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)" ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით ორდღიანი სემინარი გაიმართა.
სემინარი სახელწოდებით „განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის განვითარება" 6-7 აგვისტოს, წინანდალში ჩატარდა და მასში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა – ეკატერინე დგებუაძემ, ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების ხელმძღვანელებმა და დონორი ორგანიზაციების/პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს.
სამუშაო შეხვედრას დაესწრო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი.
სემინარის მონაწილეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სტრატეგიული მიზნები გამოკვეთეს და სტრატეგიის შემუშავების დაგეგმვის პროცესში, სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევის კუთხით, ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის" როლზე იმსჯელეს.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილეებმა განათლებისა და მეცნიერების 2017-2021 წლების სტრატეგიის განხორციელების შედეგად სისტემაში გამოვლენილი გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და სამინისტროს სამომავლო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს. პრეზენტაციების ბოლოს სემინარის მონაწილეებმა სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ექსპერტებმა სემინარში მონაწილეობა ზუმის საშუალებით მიიღეს, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს ევროპის ქვეყნების განათლების წარმატებული სტრატეგიები და რეფორმები გააცნეს.
სემინარის დასასრულს მხარეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების პროცესის სამოქმედო გეგმა დასახეს.