9 ივნისიდან სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა განაახლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვარციხის სამხედრო ბაზაზე. სახელმწიფო ენის სწავლებაში ჩართულია ეროვნული უმცირესობის 32 წვევამდელი, რომლებიც სახელმწიფო ენას A1 დონეზე ეუფლებიან.
ლევან რატიანი - მაიორი, საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (დასავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაური:
"სახელმწიფო ენის სწავლება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი წვევამდელებისთვის ნამდვილად დიდი საქმეა და ვთვლი, რომ იგი ასეთივე წარმატებით კვლავაც უნდა გაგრძელდეს სამომავლოდ. მოგეხსენებათ, რომ ჯარისკაცისთვის ყოველი დღე თავისებურად აქტიური და დატვირთულია, მოწყობა, წვრთნები, მზადება ფიცის მიღებისთვის, მოკლედ, ჯარისკაცებს ყველა ამ აქტივობის დროს სისტემატური კომუნიკაცია აქვთ ჩვენთან და ერთმანეთთან. ყოველი ახალი დავალება, ბრძანება, ჯარისკაცმა ზედმიწევნით სწორად უნდა გაიგოს, ასევე, უნდა ესმოდეს ჯარში მოქცევის წესები, თავისი უფლებები და მოვალეობები, ყოველდღიური რეჟიმის შესახებ მითითებები, ელემენტარულ დონეზე მაინც უნდა შეძლოს კომუნიკაცია დანარჩენ ჯარისკაცებთან, ამ ყველაფერს კი პირველ რიგში ენის ცოდნა სჭირდება. ქართული ენის ტრენინგები ძალიან ეხმარება ერთი მხრივ ჯარისკაცებს ზემოხსენებული გამოწვევების დაძლევაში და მეორე მხრივ ჩვენც - მათთან სრულფასოვანი კომუნიკაციის თვალსაზრისით.
ამჟამად სწავლა-სწავლებაში ჩართულია ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების 32 წვევამდელი, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის პარალელურად, საკლასო მეცადინეობებით ეუფლებიან ქართულ ენას. წვევამდელები დიდი ინტერესითა და მონდომებით არიან ჩართულნი სწავლის პროცესში. აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჟვანიას სკოლის ტრენერების პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი. ქალბატონები ლია ცერცვაძე და ნატალია გულუა მართლაც რომ შესაშური ენერგიით უძღვებიან სწავლების პროცესს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გაკვეთილები სახალისო და აქტიური გახადონ ჩვენი არაქართველი ჯარისკაცებისთვის. ჩვენც, ჩვენი მხრიდან, სრული შემადგენლობითა და მზადყოფნით ვცდილობთ, ხელსაყრელი პირობები შევუქმნათ ტრენერებს და სისტემატური კომუნიკაცია გვქონდეს მათთან, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ასე გაგრძელდება მომავალშიც, ვინაიდან ვთვლი, რომ ჟვანიას სკოლა მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს ჩვენი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი წვევამდელების სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ინტეგრაციის კუთხით. საჭირო და აუცილებელია, რომ სახელმწიფო ენას ფლობდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე და ასე ერთობლივად ვემსახუროთ საქართველოს მომავალ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას."