: 2020-08-03 : სიახლეები |
დღეს, 3 აგვისტოს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ესტუმრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ჟვანიას სკოლის დირექტორს, ქეთევან ჯაყელს და თანამშრომლებს. შეხვედრაზე განიხილეს სკოლაში მიმდინარე სამუშაო პროცესები, სასწავლო პროგრამები და წარმატებული პროექტები, ასევე დისტანციური სწავლების გამოწვევები და შესაძლებლობები.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჟვანიას სკოლის თანამშრომლებთან ვისაუბრეთ 2020 წლის გამოწვევებზე. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანას პანდემიასთან დაკავშირებული რთული პერიოდი ჰქონდა წლის პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო სისტემას მოუწია სრულად გადაწყობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. სწორედ ამ გამოწვევის დროს სკოლამ მოახერხა, განევითარებინა სწავლა-სწავლების ელექტრონული პლატფორმა, სკოლის სასწავლო პერსონალს აეთვისებინა ყველა საჭირო ტექნოლოგია. ამ პროცესში გადამზადდა როგორც ტრენერთა კორპუსი, ასევე ყველა ბენეფიციარი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არსებულ შედეგებზე. ვიზიტის ფარგლებში გავეცანი სკოლის ინფრასტრუქტურას და, შემიძლია განვაცხადო, რომ ჟვანიას სკოლა სრულად მზადაა, როგორც დისტანციური სწავლების გაგრძელებისთვის, ასევე, აუდიტორიული მეცადინეობებისთვისაც. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ყველა თანამშრომელს გაწეული საქმიანობისათვის." - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
„დღეს ჟვანიას სკოლაში გვესტუმრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სკოლის კურატორი. მასთან ერთად შევაჯამეთ ჩვენი საქმიანობა, რომელიც სკოლამ განახორციელა პანდემიის განმავლობაში. დღეის მდგომარეობით, ე. წ. პანდემიის ჯგუფებმა დაასრულეს სწავლება და მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. ასევე ვისაუბრეთ ჟვანიას სკოლის მიღწევებსა და გამოწვევებზე, დავსახეთ სამომავლო გეგმები. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ სკოლა წლის დასაწყისში დაგეგმილ ყველა პროექტს წარმატებით ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს." - განაცხადა ქეთევან ჯაყელმა.