სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბლიცინტერვიუ ანა დოლიძესთან - ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის გამომცდელთან

ბლიცინტერვიუ ანა დოლიძესთან - ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის გამომცდელთან

: 2020-07-23
: სიახლეები

ანა დოლიძე - ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის გამომცდელი.

ანა რამდენიმე წელია ჟვანიას სკოლასთან წარმატებით თანამშრომლობს. ის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის გამომცდელია. ანამ სკოლის არაერთ ბენეფიციარს ჩაუტარა საბოლოო გამოცდა, სახელმწიფო ენის ფლობის დონის დადგენის მიზნით.

მოგესალმებით ანა, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ბლიცინტერვიუზე. როგორც ვიცით, ამ დროისთვის ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რეგიონულ სასწავლო ცენტრებში ტარდება საბოლოო გამოცდები. გთხოვთ, შეაფასოთ მიმდინარე საგამოცდო პროცესი.

ანა დოლიძე: მოგესალმებით, საგამოცდო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა ბენეფიციართა დიდი ნაწილისთვის არ აღმოჩნდა რთული, შესაბამისად, ისინი საკმაოდ მობილიზებულნი არიან და გამოცდებიც ორგანიზებულად ტარდება.

საბოლოო გამოცდები განსხვავებული ფორმატით, კერძოდ კი, დისტანციურად მიმდინარეობს. გთხოვთ, შეაფასოთ გამოწვევები, რომლებიც ახლავს აღნიშნულ პროცესს.

ანა დოლიძე: როგორც აღნიშნეთ, გამოცდები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, მსგავსი ფორმატით გამოცდების ჩატარება არა მხოლოდ ბენეფიციარებისთვის, არამედ ჩვენთვისაც სიახლეს წარმოადგენს. რაც შეეხება გამოწვევებს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის შედეგად შეიძლება წარმოქმნილიყო, სკოლის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ და, შესაბამისად, საგამოცდო პროცესიც სრულფასოვნად მიმდინარეობს.

ანა, რამდენად კმაყოფილი ხართ გამოცდების შედეგებით?

ანა დოლიძე: შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. უკვე გამოკითხულმა ბენეფიციარებმა სახელმწიფო ენის ცოდნის საკმაოდ მაღალი დონე აჩვენეს. განსაკუთრებით გამოირჩევიან აბიტურიენტები. დამაკმაყოფილებელი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა უარყოფითად არ ასახულა სწავლა-სწავლების ხარისხზე.

თქვენ გაქვთ საშუალება, მიმართოთ ბენეფიციარებს. რას ეტყოდით მათ?

ანა დოლიძე: პირველ რიგში ვურჩევდი, გააგრძელონ ქართული ენის სწავლა, ვინაიდან სახელმწიფო ენის ცოდნა მათი მომავალი წარმატების საწინდარია. ჟვანიას სკოლა ახორციელებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო კურსებს, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ სახელმწიფო ენის დაუფლებას, რაც, თავისთავად, შეუწყობს ხელს მათ თვითრეალიზებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

ანა დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ!