: 2020-07-02 : ჩვენი მსმენელები |
მე ვარ ფიდანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალიდან. ვსწავლობ ამავე სოფლის სკოლის მე-11 კლასში. ეროვნებით ვარ აზერბაიჯანელი, ამიტომ სახელმწიფო ენის ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნა იმდენად დაგვეხმარა, რომ მე და ჩემი თანაკურსელი ესეების კონკურსში გამარჯვებულებიც კი გავხდით.
ჟვანიას სკოლაში სწავლა ზამთარში დავიწყე და უკვე წარმატებით დავასრულე A2 დონის სასწავლო პროგრამა. ჩემთვის სიახლე იყო დისტანციური სწავლება და ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა. რამდენიმეთვიანი ონლაინ გაკვეთილების საშუალებით ვისწავლე ინტერნეტთან მუშაობა, პრეზენტაციების შექმნა, ქვიზების შესრულება და ა.შ.
ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში არა მხოლოდ ცოდნა მივიღე, არამედ ბევრი მეგობარიც შევიძინე. სასწავლო პროცესი ძალიან საინტერესო იყო და ვიცი, რომ მეგობრებთან ერთად გატარებული ეს დღეები ლამაზ მოგონებად დამრჩება. ჩვენი ძვირფასი ტრენერის კეთილი რჩევები კი არასოდეს დაგვავიწყდება. ასევე, იმედი მაქვს, რომ ჟვანიას სკოლაში სწავლას გავაგრძელებ ენის ფლობის შემდეგ დონეებზეც.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში და დარწმუნებული ვარ, რომ კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა მომავალში ძალიან დამეხმარება.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:http://www.zspa.ge/geo/page/223