ბავშვობიდან მინდოდა უმაღლესი განათლების მიღება, გადაწყვეტილი მქონდა ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე ეს არ გამოვიდოდა, ამიტომ მივმართე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, რომელიც ჩვენს სოფელში ახორციელებდა სახელმწიფო ენის სწავლების კურსებს. იქ ძალიან კარგი გარემო და პედაგოგები დამხვდნენ. აქტიურად ჩავერთე ქართული ენის სწავლების პროცესში. პირველად დავიწყე A2 დონით, A2 დონის დამთავრების შემდეგ კი B1 დონეზე გავაგრძელე სწავლა. მე და ჩემი თანაკურსელები ძალიან იღბლიან ადამიანებად ვთვლიდით თავს, რადგან მოვხვდით ასეთ კარგ სკოლაში.
2018 წელს წარმატებით ჩავაბარე საატესტატო გამოცდები, იმავე წელს ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ახლა ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველ კურსზე. სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე, ეს ჩემთვის რთული არ იყო იმიტომ, რომ კარგად ვიცოდი CV-ს მომზადება და თავისუფლად ლაპარაკი ქართულ ენაზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შევძელი სახელმწიფო ენის კარგად ცოდნის წყალობით."